მაშველებმა ომალოში დაშავებული მწყემსი თბილისში გადმოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში მწყემსმა ფერდობზე დაგორების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ესაჭიროებოდა სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
მოქალაქე ადგილობრივი მწყემსების მიერ გადაყვანილი იყო სოფლის ექიმთან, რომელმაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მიღებული დაზიანებების გამო, მედიკოსის გადაწყვეტილებით, მამაკაცის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმართულებით დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თბილისიდან გავიდნენ მეხანძრე-მაშველები და ექიმები“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების მიერ, მწყემსი უკვე გადმოყვანილია თბილისში, სტაციონარში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.