საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩავარდნენ. ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა, მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
ინფორმაციის მიღებისთანავე, შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები.
საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.