მაშველებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიიდან შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს
მაშველებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიიდან შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში იმყოფებოდა ოთხი მოქალაქე, რომლებიც იყვნენ შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა. მოქალაქეების დასახმარებლად სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა შეუძლოდ მყოფი საფრანგეთის სამი და საქართველოს ერთი მოქალაქე ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ჩამოიყვანეს, საიდანაც მოხდა მათი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.