მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„მოსული უხვი ნალექის შედეგად გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 90-მდე ადამიანი.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა.
მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.