მაშველები, რომელთა ნავიც წყალმა გაიტაცა, უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს
მაშველები, რომელთა ნავიც რუსთავი-თბილისის ავტობანთან ადიდებულმა ხევმა გაიტაცა, უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მაშველები თოკების დახმარებით გამოიყვანეს, ვინაიდან დინების საწინააღმდეგოდ ნავით გადაადგილება რთულია.
ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, მაშველებმა შუალედური მონიტორინგი დაასრულეს და დამატებითი მონიტორინგის მიზნით ტერიტორიაზე ორ საათში უკვე ფეხით შევლენ.
რუსთავი-თბილისის ავტობანთან ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა, რომლითაც დატბორილი ტერიტორიის პატრულირებას ახორციელებდნენ. ორი მაშველი ნავიდან გადახტა და წყლიდან ამოვიდა, გზის მეორე მხრიდან მათ გამოსაყვანად სამაშველო ჯგუფები გაემართნენ.
რუსთავი-თბილისის ავტობანთან არხის ადიდების შედეგად კერძო დასახლება დაიტბორა. მაშველებმა დასახლებაში დარჩენილი ადამიანები ნავებით გამოიყვანეს.