მასაცუგუ ასაკავა - ADB მუშაობს საქართველოს დახმარების პაკეტზე, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობის დაჩქარებულ აღდგენასა და ზრდაში უნდა დაეხმაროს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ სატელეფონო საუბრისას ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის წინააღმდეგ აზიის განვითარების ბანკის მხარდამჭერი პაკეტის შესახებ ისაუბრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
„ვიცით, რომ პანდემია საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანსა და ბიზნესს, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში, რთულ მდგომარეობაში აყენებს. როცა ქვეყანა პანდემიის პიკს გადალახავს, შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა მოუწევს. ADB მუშაობს საქართველოს დახმარების პაკეტზე, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობის დაჩქარებული წესით აღდგენასა და ზრდაში უნდა დაეხმაროს“, – განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გახარიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს აზიის განვითარების ბანკის მტკიცე და დროული მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს კრიზისის ეკონომიკურ შედეგებზე დაუყოვნებლივი რეაგირების მნიშვნელობა და გზები, რითაც ADB საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღებაში დაეხმარება.
აზიის განვითარების ბანკის დახმარება სავარაუდოდ მოიცავს ანტიციკლურ ბიუჯეტურ დაფინანსებას, სოციალური დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად გამოყოფილ სწრაფ საბიუჯეტო სესხს და პროგრამებს ენერგეტიკის, ურბანული წყლისა და პროფესიული განათლების სექტორებში, რაც ეკონომიკური აღმავლობის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტებია. ADB ასევე ზრდის დახმარებას კერძო სექტორის ოპერაციების მიმართულებით, რაც ქვეყანაში მოქმედი ბანკებისთვის სესხების გამოყოფასა და ვაჭრობის დაფინანსებას გულისხმობს.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა პრეზიდენტ ასაკავასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის 25 მარტს გამართული დიალოგი, სადაც მინისტრმა პრეზიდენტს„ კოვიდ-19“-ის გავრცელებისა და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
18 მარტს, აზიის განვითარების ბანკმა დაახლოებით 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის. ADB მზადაა, საჭიროებისამებრ ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს.
აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.
1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია 68 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდან არის წარმოდგენილი.