მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტის მიხედვით, პირველი ეტაპი – სპეციალური მანევრები, ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
შს სამინისტრო განმარტავს, რომ გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს, როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონე.
ამასთან, ცვლილებებით, პირს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაშვებული იქნება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, აღნიშნული გამოცდის მიმდინარეობისას (ჩაბარებისას) უფლება ექნება, მართოს სატრანსპორტო საშუალება და იგი ჩაითვლება მძღოლად.
„აქედან გამომდინარე, აღნიშნული გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები და აკრძალვები, რომელიც ეხება მართვის უფლების არმქონე ან მართვის უფლება შეჩერებული-ჩამორთმეული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთან, აღნიშნულ გამოცდაზე პირის დაშვება ხდება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ამასთან, შს სამინისტრო განმარტავს, რომ პრაქტიკული გამოცდისთვის რეალური საგზაო მოძრაობის კომპონენტის დამატება წარმოშობს იმის აუცილებლობას, რომ მოტოციკლით სასწავლო სვლა დაშვებული იყოს ქუჩებშიც, სასწავლო სვლისთვის გამოყოფილ სპეციალურ მარშრუტებზე, რაც დღეისთვის აკრძალულია.