მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში სავარაუდოდ აგვისტოდან ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ავტომობილის მართვის უფლებაზე გამოცდის გარეთ გატანა, ანუ პრაქტიკული ნაწილის ქალაქში ჩაბარება აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.
სამინისტროს ინიციატივა ჯერ მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ, მოწონების შემთხვევაში კი, ის საკანონმდებლო პროექტის სახით პარლამენტს წარედგინება.
პროცედურების დაწყებამდე საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, უწყებაში მუშაობენ პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილებისა და მარშრუტების განსაზღვრაზე. ამ ეტაპზე, უცნობია, მართვის მოწმობის მისაღებად ქალაქის პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოხდება თუ არა ყველა იმ ქალაქში, სადაც ამჟამად გამოცდას აბარებენ.
მართვის მოწმობის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ქვეყნის 13 ქალაქში შეუძლიათ, მათ შორის არის: რუსთავი, თელავი, ახალქალაქი, გორი, ახალციხე, საჩხერე, ამბროლაური, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი და მესტია.
პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში, კანდიდატს შვიდ დღეში ერთხელ შეუძლია გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა. მსგავსი შეზღუდვა არ არის დაწესებული პრაქტიკულ გამოცდაზე ფასიანი გასვლის შემთხვევებში. გარდა მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებისა, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე. იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.