მართვის მოწმობების შეცვლის გამო, მომსახურების სააგენტო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს
მართვის მოწმობების შეცვლის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
„შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მომსახურების სააგენტო დეკემბრის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ეს გადაწყვეტილება მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო იქნა მიღებული.
მომსახურების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა იზრდება. 9 დეკემბრიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და თბილისის ფილიალები იმუშავებენ ყოველდღე 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 11 დეკემბრიდან რეგიონების ფილიალები, ასევე, გადავლენ საგანგებო რეჟიმზე და მოქალაქეებს მოემსახურებიან შაბათს 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო კვირას – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – აცხადებენ შსს-ში.
2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის პირველ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.