მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა დიაკვნებს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება, დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს.
ასევე, მიტროპოლიტის თქმით, ბოლო პერიოდში, დიაკვნების ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან ისინი პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. ამასთან, მიტროპოლიტის ინფორმაციით, მამა კონსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან.
მიტროპოლოტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მას შემდეგ აღუდგებათ, რაც ისინი საჯაროდ მოინანიებენ საკუთარ საქციელს.
ცნობისთვის, მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა და ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც ვკითხულობთ, „სამღვდელმთავრო მსახურების სათანადო აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში. ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე“.