მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა [ვიდეო]
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ეპარქიის წარმომადგენლები და მრევლის ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა.
შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. ტელეკომპანია „პირველის“, „ფორმულასა“ და „პოსტტივის“ ოპერატორები მარტვილის კლინიკაში, ხოლო „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, რომ ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია და მეუფე პეტრე ცაავა დაბრუნდეს.