მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელები ამ დრომდე სამკურნალო დაწესებულებებში რჩებიან
მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ამ დრომდე სამკურნალო დაწესებულებებში რჩებიან.
მარტვილის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში 3-დან 5 წლამდე ასაკის სულ 19 ბავშვი მოიწამლა. 16 მცირეწლოვანი ბავშვი მარტვილის რაიონულ საავადმყოფოშია, სამი კი, კერძო კლინიკა „მკურნალში“.
ექიმების თქმით, ბავშვები საავადმყოფოებში პირღებინებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვებს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და არც ერთი არ საჭიროებს სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, თუმცა ყველა რჩება საავადმყოფოში დაკვირვების მიზნით.
საბავშვო ბაღში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები. წყლის და ყველა საკვების სინჯები უკვე გაგზავნილია ბათუმის ლაბორატორიაში, პასუხები კი, რამდენიმე დღეში იქნება.
მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში იმყოფებიან ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ბრალეულობა, უმკაცრესად იქნებიან დასჯილი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით. საბავშვო ბაღში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.