მარტში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,9%–ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,9%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი 6,5 %-ით გაიზარდა.
2018 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ფასები დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე 0,9 პროცენტით შემცირდა და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,71 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,1 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-3,8 პროცენტი).
ფასები შემცირდა სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე (-1,7 პროცენტი), აგრეთვე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე (-0,7 პროცენტი).
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
– დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5,3 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (11,8 პროცენტი);
– ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაზრდილია 12,1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,67 პროცენტული პუნქტი შეიტანა.