მარტში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა
მარტში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მარტში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა.

კერძოდ, თვის განმავლობაში გაიზარდა საშუალოდ 4,50 დოლარით/ბარელზე. ფასის ზრდა მიმდინარე ეტაპზე რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, „ოპეკი +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებლით სრულდება. გარდა ამისა, არის მოლოდინი, რომ აღნიშნული შეთანხმება შესაძლოა, 2019 წლის შუა პერიოდამდე გახანგრძლივდეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ყოველივე ამას ასევე ემატება ის, რომ „ოპეკის“ რიგ მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა ერაყი, ვენესუელა, სხვადასხვა მიზეზების გამო შემცირებულია ნავთობის წარმოება და ექსპორტი.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლითაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება, მარტში ნავთობის ფასის ზრდის კვალდაკვალ იზრდება. კერძოდ, ბენზინის საერთაშორისო ფასი მარტში გაზრდილია დაახლოებით 59$-ით ტონაზე, ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი გაზრდილია დაახლოებით 48$-ით ტონაზე. აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. გასულ თვეში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა.

კერძოდ,
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, მარტში მოხდა საწვავის ფასის კლება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,09-2,24 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,24-2,33 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი – 2,37-2,49 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი – 2,25-2,36 ლარი/ლიტრაზე.