კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირობათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი განისაზღვრება
კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირობათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება.
კანონპროექტში განმარტებულია, რომ მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ასევე, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ასევე, თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; ასევე, თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებები მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის შეღავათებსაც ეხება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარამდე. ცვლილებებით, ეს საგადასახადო შეღავათი მარტოხელა დედის გარდა, მარტოხელა მამაზეც გავრცელდება.