მართლწესრიგის ოფიცრებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. სწავლებაში 35 მართლწესრიგის ოფიცერი მონაწილეობდა.
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწავლების მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებ“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საქართველოს ევროპული გზა, ჰიბრიდული ომი და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი და მექანიზმები, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, საქართველო საერთაშორისო მისიებში და ა.შ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შსს-ს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. აღნიშნულ კურსს მართლწესრიგის ყველა ოფიცერი ეტაპობრივად გაივლის.