მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შსს-ს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებთან, თვითმმართველობის წევრებთან, მშობლებსა და პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების ამაღლების საკითხებზე შეხვედრის მონაწილეთა ინფორმირება და ამ კუთხით სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები.
მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი გააცნეს. ასევე, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეებისა და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მართლწესრიგის ოფიცრებმა, მანდატურებსა და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ამხანაგურ საკალათბურთო მატჩში მიიღეს მონაწილეობა.