მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე მიიღებს
დღეს გვაქვს მორიგი და იმედია, საბოლოო შეხვედრა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს ხვდება.
მისი თქმით, შეხვედრაზე სამი საკითხი განიხილება.
„პირველი უკვე განვიხილეთ, ეს ეხება დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. გვქონდა საკმაოდ განსხვავებული პოზიციები თავიდანვე, თუმცა მოვახერხეთ საბოლოო ჯამში კონსენსუსის მიღწევა ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. არის უკვე მომზადებული კანონპროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში სრული კონსენსუსით მოხდება და პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს ივლისის ბოლომდე, სავარაუდოდ ივლისში მიიღება კანონი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ კონსენსუსი მიიღწევა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
„დღეს დაგვრჩა კიდევ ორი საკითხი განსახილველი. ეს არის ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხები და იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც შევძლებთ სრული კონსენსუსის მიღწევას ისევე, როგორც მესამე საკითხთან დაკავშირებით, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული რეგულაციები. ჯგუფში არის ძალიან კარგი სამუშაო გარემო“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მოსამართლეთა დისციპლინური დევნის ხანდაზმულობის საკითხებს, მისი თქმით, მოქმედი რეგულაციით, ხანდაზმულობის ვადა 3+1 წელი, მთლიანობაში ოთხწლიანია. მისი თქმით, ევროპული სტანდარტი უფრო დაბალია და საერთაშორისო სტანდარტია, რაც შეიძლება, მცირე იყოს ვადა, რათა მოსამართლეზე ზეწოლისთვის არ მოხდეს ამის გამოყენება.
„რაც უფრო დიდხანს გიჭირავს ხელში კონკრეტული საქმე, კონკრეტული კომპრომატი მოსამართლის წინააღმდეგ, მით უფრო დიდხანს შეგიძლია, მისი მართვა. ევროპული სტანდარტია, ხანდაზმულობის ვადა, რაც შეიძლება მოკლე იყოს. ჩვენ ხუთწლიანი ვადა დავიყვანეთ სამ წლამდე. ეს იყო ევროსაბჭოს რეკომენდაცია. ჯგუფში დეპუტატი ოთარ კახიძე აყენებს ამ ვადის ხელახლა გაზრდის საკითხს, სხვა შემთხვევაში, გვაქვს არსებითად თანხმობა ვადის სამ წლამდე შემცირებაზე. ეს ჯერ კიდევ არ არის ევროპული სტანდარტი, თუმცა დაახლოებულია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ყველა საქმე დამოუკიდებელ ინსპექტორთან იქნება განხილული ახალი რეგულაციების შესაბამისად.