მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ბორჯომში ორდღიანი შეხვედრა გრძელდება
მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ბორჯომში ორდღიანი შეხვედრა გრძელდება.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი ნორმების რეფორმაზე გაგრძელდება მსჯელობა.
„ვიხილავთ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკვე სრულყოფილად არის მომზადებული და მალე კანონის სახეს მიიღებს. ასევე, დღეს გავაგრძელებთ მსჯელობას იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგლამენტირებელი ნორმების რეფორმაზე. ამასთან, ვიმსჯელებთ სასამართლოს გადატვირთულობის შესახებ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ბორჯომში მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სამუშაო ჯგუფი რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობს, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება.