მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა შესაძლოა, ერთიანი ევროპის პროექტს პრობლემები შეუქმნას
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის, კოენ ლენარტსის განცხადებით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა შესაძლოა, ერთიანი ევროპის პროექტს პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ ევროკავშირის სასამართლოს ხელმძღვანელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ, გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ასევე დემოკრატიის უკუსვლამ პოლონეთსა და უნგრეთში ევროპული სასამართლო უპრეცედენტო პოლიტიკური ბრძოლის ცენტრში მოახვედრა.
კოენ ლენარტსმა უარყო ბრალდებები, რომ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა და აცხადებს, რომ სასამართლო უბრალოდ იცავდა ხელშეკრულების ვალდებულებებს ბლოკის სამართლებრივი საფუძვლების დასაცავად.
ლენარტსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ დამფუძნებელ ქვეყანას შეუძლია, ჩათვალოს, რომ კავშირის უფლებამოსილებები ახლა იმაზე მეტად განვითარდა, ვიდრე თავდაპირველად მოელოდნენ, ახალმა წევრებმა, როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი ვერ შეძლეს ამ არგუმენტის წარმოთქმა, რადგან მათი ევროკავშირში შესვლის დროს წევრობის შედეგები ბევრად უფრო ნათელი იყო.
„მართლმსაჯულების სასამართლოს უფლებამოსილება და ევროკავშირის სამართლის პრიმატულობა ეჭვქვეშ დადგა სხვადასხვა წევრ ქვეყანაში, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ გარკვეული საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ. ეს არის უკიდურესად სერიოზული ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპული პროექტის გადარჩენას მისი ამჟამინდელი სახით“, – აღნიშნა ევროკავშირის სასამართლოს პრეზიდენტმა.
2020 წელს, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის ცენტრალური ბანკის ობლიგაციების შესყიდვის პროგრამების დაშვების შესახებ და თქვა, რომ „ეს გზას უხსნიდა წევრი სახელმწიფოების კომპეტენციების მუდმივ ეროზიას.“
მოგვიანებით, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის მთავარი ხელშეკრულების გადამწყვეტი დებულებები პოლონეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.