მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში საქართველოს კვოტით ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეირჩა
ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატი შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
CEPEJ-სა და CCJE-ში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადებულ საჯარო კონკურსში CEPEJ-ში წევრობის მიზნით ექვსმა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, ხოლო CCJE-ის კონკურსში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევის შემდგომ, გასაუბრების ეტაპზე, სამი კანდიდატი გადავიდა და ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კვოტით წარსადგენ კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეარჩია.
ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) ქეთევან ცინცაძე საქართველოს კვოტით ხუთი წლის ვადით იქნება წარდგენილი.
CEPEJ თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების, ამასთან, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის მიზნით; კომისიის წევრი ექსპერტების საქმიანობის მიზანს კი, კომისიის ფუნქციების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს.
CCJE-ის წევრი მოსამართლეები მუშაობენ სამართლის უზენაესობის, ევროპული სტანდარტების დანერგვის, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის ზრდის, აგრეთვე, მათი სამოსამართლო საქმიანობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიმართულებით.
ეროვნულ დონეზე კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესაბამისად, CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.
იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილებით. საგულისხმოა, რომ ამ დადგენილების მიღებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად.