მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას ასრულებს.
წირვა სამების ტაძარში 09:00 საათზე დაიწყო.
ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. პატრიარქი 12 მღვდელს ფეხს დაბანს. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ.
მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.
სამების ტაძარში 12 სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.