მარტივი ექსპერიმენტი პურით, რომლითაც ბავშვებს ხელების დაბანის მნიშვნელობას აჩვენებთ
17:05, 19.12.2019
ხელების დაბანა უმნიშვნელოვანესია. როგორ შეიძლება, ამ სასიცოცხლო ჩვევის მნიშვნელობა ბავშვებს ვიზუალურად ვაჩვენოთ?
აიდაჰო-ფალსის დისქავერის დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა დაიანა რობრტსონმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ეს ყველაფერი ბრწყინვალედ წარმოადგინა, მხოლოდ რამდენიმე ნაჭერი პურის საშუალებით.
კოლეგასთან და ქცევის სპეციალისტ ჯარალი მეტკალფთან ერთად, რობერტსონმა მოსწავლეებს საკლასო სამუშაო ჩაუტარა — სხვადასხვა დონის სისუფთავის ხელების მქონე მოსწავლეებს სთხოვეს შეხებოდნენ ერთი და იმავე თეთრი პურის სხვადასხვა ნაჭრებს.
შემდეგ, თითოეული ნაჭერი ცალ-ცალკე პოლიეთილენის პარკში მოათავსეს რათა ენახათ, რა მოხდებოდა ერთი თვის შემდეგ.
პურის ერთი ნაჭერი ხელშეუხებელი დატოვეს. ერთს დაუბანელი ხელით შეეხნენ, ერთს ანტისეპტიკური სითხით გაწმენდილი ხელით, ერთს კი თბილი წყლითა და საპნით დაბანილი ხელით. პურის ერთი ნაჭრით კი კლასში არსებული ყველა „ქრომბუქი“ მოწმინდეს.
„ქრომბუქების“ საწმენდად გამოყენებული პური ბოლოს არც ისე კარგ მდგომარეობაში ჩავარდა; კარგი დღე არც ხელშეხებულ ნაჭრებს ეწია; ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა პურის ნაჭერი, რომელსაც საპნით დაბანილი ხელებით შეეხნენ.
„ქრომბუქებზე“ გასმული და დაუბანელი ხელებით შეხებული პურის ნაჭრები დაფარულია ბევრი ობით, რაც მიკრობებით დაბინძურებით არის გამოწვეული. ის ნაჭერი კი, რომელსაც ხელის ანტისეპტიკი საშუალებით დამუშავებული ხელებით შეეხნენ, ბრწყინვალე ნიმუშია იმისა, რომ ეს საშუალება ხელების დაბანას სათანადოდ ვერ ცვლის.
ეპიდემიოლოგ ტერი სტილველის განცხადებით, ხელები უნდა დაიბანოთ როგორც საჭმლის მომზადების წინ, ისე მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ხელების დაბანა ჭამის წინ, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, ცხვირის მოწმენდისა და ცხოველებთან შეხების შემდეგ; ასევე ყოველ ჯერზე, როცა თქვენი ხელები ბინძურად გამოიყურება.
რა თქმა უნდა, ეს სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გზას ინფექციური პათოგენებისა და დაავადებების შესაჩერებლად თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობს სულ მცირე 5 საგანი, რომლებსაც გვინდა თუ არა, ყოველდღიურად ვეხებით.
კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანთა უმეტესობა ხელებს არასათანადოდ, არასწორად ვიბანთ.