მარტის შემდეგ ევროპაში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით, მარტის შემდეგ, ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა.
კერძოდ, საფრანგეთში ბოლო დღე ღამეში გარდაიცვალა 242 ადამიანი, მათგან 152 საავადმყოფოებში და 90 ხანდაზმულთა სახლებში. ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ რჩება 28 ათასი ადამიანი, რომელთაგან 4 682 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
იტალიაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 260 ადამიანი, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 31 მარტის შემდეგ ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა დიდი ბრიტანეთშიც.
ესპანეთში კი, გასული დღის მონაცემებთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხვი 25 პროცენტით შემცირდა. დაიღუპა 288 ადამიანი, რაც 20 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 140 ადამიანი ემხვერპლა.