მარტის ბოლოს თურქეთისა და ევროკავშირის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართება
გერმანული გაზეთი Welt დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მარტის ბოლოს თურქეთისა და ევროკავშირის ლიდერებს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება.
გამოცემის თანახმად, ბრიუსელი ანკარასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, საიმიგრაციო პოლიტიკა, ენერგეტიკული პრობლემები და ქვეყნებს შორის სტუდენტების გაცვლის საკითხი იქნება.
გეგმის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაში მონაწილეობას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანი მიიღებენ.
შეხვედრას ასევე დაესწრება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერი. შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის. ევროკავშირის ლიდერებსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის ბოლო შეხვედრა გასული წლის მაისში, ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შედგა.