თავდაცვის სამინისტროში ხელშეკრულებით დასაქმებულები დაზღვევით შტატიანი თანამშრომლების მსგავსად ისარგებლებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, უწყებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 2018 წლის პირველი მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ, ისევე, როგორც შტატიანი თანამშრომლები.
თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში შრომითი ხელშეკრულებით 1315 პირია დასაქმებული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 1258 თანამშრომელი სადაზღვევო მომსახურებით ვერ სარგებლობდა.
ცვლილების მიხედვით, პირველი მარტიდან ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირი და მათი ოჯახის წევრები – მეუღლე და შვილი საბაზისო პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ.
ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია იგივე სადაზღვევო პირობებს სთავაზობს, რითაც თავდაცვის სამინისტროს შტატიანი თანამშრომლები სარგებლობენ.