მარტა კოსი – ვულოცავ „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას, ეს არის ევროკავშირის გულში არსებული ღირებულებები, სერბეთისთვის ახალი თავის დაწყება შეიძლება, ევროკავშირის კარი ღიაა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ
ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სერბეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება.
მისი თქმით, სერბების ორწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ამიერიდან სერბეთ-ევროკავშირის ურთიერთობის ახალი თავი იწყება.
„ძვირფასო სერბეთო, თქვენ თქვენი ხმა გაგვაგონეთ! დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თითქმის ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბები ისტორიული რაოდენობით მივიდნენ არჩევნებში. ვულოცავ „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას! ეს არის ჩვენი ევროკავშირის გულში არსებული ღირებულებები. სერბეთისთვის ახალი თავის დაწყება შეიძლება. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ“, – წერს მარტა კოსი.
ცნობისთვის, არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA -ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 40.4 პროცენტი აქვს.
მანამდე კი გავრცელდა Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.
არჩევნებში დამარცხება აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მისი თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.