მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ამ დროისთვის, ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობა და გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.
მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება. გარკვეული სირთულეები იყო პროექტის განხორციელების დროს, რადგან ამ სივრცეში არის მეწყრული ზონები. დაახლოებით ცხრა კერა იყო, თუმცა ყველა დამუშავებულია და უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, აპრილის ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დაიწყება ღამის განათების ბოძების მონტაჟი და, ვფიქრობ, მაისის შუა რიცხვებიდან ამ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.