მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 305-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 832 ადამიანი
მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 305-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 832 ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 300 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა მარაკეშსა და მიმდებარე რაიონებში.
როგორც მედია წერს, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.
სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
მაროკოს შეიარაღებული ძალები განათავსებენ სამაშველო ჯგუფებს, რათა დაზარალებული ტერიტორიების მოსახლეობა უზრუნველყონ სუფთა სასმელი წყლით, საკვებით, კარვებითა და საბნებით.
მომხდართან დაკავშირებით მაროკოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.