მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული დასრულდა
მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული დასრულდა

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული დასრულდა.

შეჯიბრში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. მათ დაშავებულ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს.

ცერემონიის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის მიხედვით გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს.

სპორტულ შეჯიბრებებში ომის ვეტერანებიც მონაწილეობდნენ. ასპარეზობა პარაფრენბურთში, ტექბოლში, ველორბოლა-პარაველოში, პისტოლეტით სროლაში, მკლავჭიდში, ნიჩბოსნობაში, პარაკალათბურთსა და და სხვა სპორტულ სახეობებში მიმდინარეობდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქვეყნის წინაშე მათი ღვაწლის წარმოჩენა და რეაბილიტაციის პროცესში სპორტული კომპონენტის ინტეგრირება წარმოადგენდა.

„დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს, სპორტული აქტივობების განხორციელებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ ჩართულობას აქტიურად უჭერს მხარს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 27 იანვარს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდა, რომელიც პირველად 2021 წელს აღინიშნა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.