მარნეულში, სოფელ ყიზილაღჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს [ფოტო]
მარნეულში, სოფელ ყიზილაღჯლოს 49-ე და 89-ე საარჩევნო უბნებზე მცირე ინციდენტი მოხდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, 89-ე უბანზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
აღნიშნული საარჩევნო უბნის მდივნის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი უბანზე რეგისტრაციის გავლის გარეშე შევიდა, კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდა და კომისიის წევრებს უბნის დახურვით ემუქრებოდა. რამდენიმე შენიშვნის, შემდეგ აღნიშნული ქალბატონი უბნიდან გააძევეს.
ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. როგორც მან აღნიშნა, უბნიდან გაძევებული ქალბატონი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი არ არის. პარტიამ ინფორმაცია მიიღო, რომ ქალბატონი უბანზე ვიდეოგაფაღებას ახორციელებდა, არასწორად გააძევეს და ადგილზე მხოლოდ ამიტომ მივიდა.
ანალოგიურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი 49-ე საარჩევნო უბანზეც. უბნის თავმჯდომარის განმარტებით, დამკვირვებელი ხმაურსა და ქაოსს იქვევდა, რის გამოც უბანი დაატოვებინეს.
დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.