მკვლელობა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეითგოჯალოში.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, 21 წლის მამაკაცი დღეს დილით მწყემსმა სოფლის ჭალაში იპოვა.
მათივე ცნობით, ახალგაზრდა სავარაუდოდ საფანტით არის მოკლული. არსებული ინფორმაციით, ცხედარს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობაც აღენიშნებოდა.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას ოჯახის წევრები ბოლოს სახლიდან გასვლის შემდეგ, გუშინ ესაუბრნენ ტელეფონით, მას შემდეგ კი კონტაქტზე არ გამოსულა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.