მარნეულში, სოფელ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალებისა და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.