საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი.
ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები.
ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
მარნეულში ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17:10 საათზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და, მათ შორის, მარნეულშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ჯგუფი „ფრანი“, თემურ ყვითელაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე იმღერებენ.