მარნეულში საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა ოჯახებმა აქცია გამართეს
მარნეულში საპროტესტო აქცია გაიმართა. საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრები 26 ოჯახი, რომელთა უმრავლესობასაც დევნილები წარმოადგენენ, ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს ითხოვს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შენობა, სადაც ისინი უკვე ოთხი წელია ცხოვრობენ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მრიცხველი კი – საეპისკოპოსოს ბალანსზე. შესაბამისად, მათი თქმით, მთავრობის ელექტროენერგიაზე შეღავათით ვერ სარგებლობენ.
მათივე განმარტებით, რამდენჯერმე მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს, ეპარქიას, მერიას, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, თუმცა უშედეგოდ.
დღეს აქციის მონაწილეებმა აღნიშნული მრიცხველი თვითნებურად მოხსნეს, რის გამოც ისინი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.