ქვემო ქართლის პოლიციაში აცხადებენ, რომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, დაწყებულია ძიება
მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, დაწყებულია ძიება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე ძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზეც.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ არის.
ამასთან, როგორც ლაშა გოგნიაშვილმა აღნიშნა, ძიება მიმდინარეობს მარნეულში დღის პირველ ნახევარში მომხდართან ინციდენტთან დაკავშირებითაც.
„დაწყებულია ძიება. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო და სამძებრო ოპერაციები. უნდა დაიკითხონ, როგორც ფაქტის შემსწრეები, ისე დაზარალებულები.
დღის პირველ ფაქტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც დაწყებულია ძიება. დაკითხულია როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. გამოძიებას სჭირდება შესაბამისი დრო. ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არავინ არ არის დაკავებული“, – განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.
მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც.