მარნეულში მდებარე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ კარანტინის რეჟიმი მოიხსნა, შესაბამისად, საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა.
„გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.