„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ამხანაგობამ „ქართული კენკრა“, მარნეულის რაიონის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოსა და მაყვლის ბაღი შვიდ ჰა-ზე გააშენა.
„ქართული კენკრა“ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2017 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53 305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35 805 ლარი ნერგების, ხოლო 17 500 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.
ამხანაგობა სამი ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს, საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაეწყოთ და კენკრის ბაღი გააშენეს. ამხანაგობა სამომავლოდ გაშენებული ბაღის ტერიტორიაზე ბიომეურნეობის სტანდარტის აღებას გეგმავს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, ლევან დოლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „ქართული კენკრის“ ჟოლოსა და მაყვლის ბაღი დაათვალიერა.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4 293 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22 271 868 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 672 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.