მარნეულში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან შეხებაში მყოფი ექიმები თვითიზოლაციაში არიან
ქალაქ მარნეულში და ამ ქალაქში მდებარე სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი იმ კონტაქტების დადგენას ცდილობენ, ვისთანაც ბოლო დღეებში მარნეულში ინფიცირებულ ქალს შეხება ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე ადასტურებს. თუმცა დამატებითო კომენტარს მედიასთან არ აკეთებს.
არსებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არის რამდენიმე ექიმი, რომელთაც შეხება ჰქონდათ პაციენტთან.
სამედიცინო ცენტრს დაცვის პოლიცია აკონტროლებს და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს, მათ შორის პაციენტებსაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით მარნეულში ადგილზე იკვლევს ვითარებასა და კონტაქტებს. მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს შეეხება კარანტინის ზომები.
დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს.
სავარაუდოდ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება საზღვრის კვეთას, მას კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოვიდა.