მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდნენ მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, დღეის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 54 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 3 254.
„21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა – მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი.
ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კარანტინი ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ამასთან, 21 მარტიდან, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.