ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მე-4 ალილო გაიმართა, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა.
ალილოს მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მოჰყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მოადგილესთან ერთად, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და ეკლესიის მრევლმა.
ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მიჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი.
ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.
ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მეუფე გიორგიმ დალოცა ალილოს მონაწილეები და დღესასწაული მიულოცა.