მარნეულში 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 14 პროცენტია 
მარნეულში 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 14 პროცენტია 

მარნეულის ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, 14 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი უკვე დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩეველთა 14 პროცენტს შეადგენს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, აქტივობის ეს მაჩვენებელი არის საშუალო. ამასთან იოსებ ასანიძის თქმით, 12:00 საათისთვის ოლქში ათი საჩივარია შესული.

„რაც შეეხება დარღვევებს ათამდე საჩივარია შემოსული მარნეულის 22 საარჩევნო ოლქში. საჩივრების ძირითადი ნაწილი ტექნიკურ დარღვევებს შეეხება. ხოლო 49-ე და 68-ე უბნებზე ორივე უბნიდან გაძევებული იქნა კანონის სრული დაცვით სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი დილიდან ეწეოდნენ პროვოკაციას და ხელს უშლიდნენ საუბნო საარჩევნო კომისიას. მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა არ მოიშალეს თავიანთი დამოკიდებულება კომისიის მიმართ. ისინი ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას. შესაბამისად შედგა გაძევების აქტი და ორივე მათგანს დაატოვებინეს კენჭისყრის შენობა.

გარდა ამისა 68-ე უბანზე დღეს დილით სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს მიეცა შენიშვნა და მას შემდეგ პრობლემა აღარ ყოფილა. ამიტომ ჩემი ინფორმაციით სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი 68-ე უბანზე ამ მომენტშიც იმყოფება და აკვირდება საარჩევნო პროცესს.

ამასთან იყო ინფორმაცია რომ ამავე უბანზე თითქოს ხელით შეეხნენ ვინმეს. მე პირადად ვიმყოფებოდი იქ და მსგავსი ფაქტი არ მომხდარა“, – განაცხადა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე  იოსებ ასანიძემ.