მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო-გამშვები საგუშაგოა მოწყობილი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს მარნეულსა და ბოლნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.
შსს-ის ინფორმაციით, რეგიონში ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო-გამშვები საგუშაგო, რომელთა დახმარებითაც რეგიონში მოძრაობა კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.
საკარანტინო პირობები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.