მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, ლენტეხში სრული კარანტინისას საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმუშავებს
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სადაც კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტების გამო ცოტა ხნის წინ სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, ადგილობრივი მედიასაშუალებების გარდა, მხოლოდ საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმუშავებს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„იმუშავებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს ექნებათ საშუალება, გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული მასალა.
ლენტეხის რაიონის შესასვლელ-გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებენ შსს-სა და თავდაცვის ძალები, უკვე დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოხდება თითოეული ადამიანის შემოწმება.
ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღო ბოლნისსა და მარნეულში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები ასევე მუშაობენ მარნეულსა და ბოლნისში, სადაც სრული კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა.