მარნეულის საველე ჰოსპიტალში 18 პაციენტის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს
მარნეულის საველე ჰოსპიტალში 18 პაციენტის ტესტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს.
შესაბამისად, მათ კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ.
რამდენიმე წუთის წინ 18-ვე ადამიანი ჰოსპიტალიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ სასტუმროშია მოწყობილი.
როგორც საველე ჰოსპიტალში მყოფმა ექიმებმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადეს, ამ დროისთვის ჰოსპიტალში მხოლოდ რამდენიმე პაციენტი იმყოფება და მათ პასუხებს დღის ბოლოს ელოდებიან.
18 პაციენტის ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში საველე ჰოსპიტალიდან დღეს გააგზავნეს.
საველე ჰოსპიტალი მარნეულში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოაწყო.
ადგილობრივ ექიმებთან ერთად იქ დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგებიც იმყოფებიან.
ჰოსპიტალში ერთი კარავი პაციენტების გასასინჯად არის მოწყობილი, იქვეა ბოქსირებული კარვებიც.
ჰოსპიტალს ერთდროულად ჯამში 100 პაციენტის მიღება და მკურნალობა შეუძლია.