მარნეულის ქარხანამ დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები გერმანიის ლაბორატორიაში გაგზავნა
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.
ამის შესახებ საუბარია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
მარნეულის სასურსათო ქარხანის ინფორმაციით, კომპანიამ თავისი წარმოების ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გაგზავნილია გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში.
„მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო.
კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. გაგზავნილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოების სხვადასხვა პარტიებიდან შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი, ასევე შემოწმებას გაივლის წარმოებაში გამოყენებული დაღერღილი და დაფქვილი წიწაკა. რამდენიმე დალუქული ნიმუში გადამოწმებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც წაიღო.
ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია სანდო პარტნიორია მომხმარებლებისთვის და მწარმოებლებისთვის როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კომპანია ანალიზების პასუხს მიღებისთანავე აცნობებს საზოგადოებას.
შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიის პასუხამდე კომპანიამ დროებით შეაჩერა აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია.
კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის“, – აცხადებენ კომპანიაში.
მარნეულის სასურსათო ქარხანამ წითელი ტყემლის გაყიდვა შეაჩერა, რომელშიც პორტალ „მომხმარებელი.ჯი“-ს მონაცემებით, არასაკვები საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.