მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში დღეს ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობა ორსართულიანია და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ბაღის შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, მოწყობილია პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბაღის ეზო, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი, ბავშვების უსაფრთხოებისთვის დაიგო კაუჩუკის საფარი, ასევე დაიდგა სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, დღეიდან კი, სკოლამდელი განათლება ალგეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნიის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.