მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ დღეს კორონავირუსის ტესტზე სამი პაციენტის პასუხს ელოდებიან
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის, ტატა შენგელაიას ინფორმაციით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ტესტზე სამი პაციენტის პასუხს ელოდებიან.
ამასთან, კიდევ ერთ პაციენტს დღის განმავლობაში აუღებენ ნაცხს და თბილისში გამოგზავნიან.
ტატა შენგელაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნაწილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურიa. გვყავს პნევმონიის დიაგნოზით პაციენტები. ამასთან, ნაწილს უკვე დადასტურებული აქვს უარყოფითი შედეგი, ანუ არ დაუდასტურდათ „კოვიდ-19“. ნაწილის პასუხებს ველოდებით, მაგრამ ზოგადად, მძიმე პაციენტი არ გვიწევს ამ ეტაპზე. მძიმე პაციენტები გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. ესენი არიან პირველი პაციენტები. მათთან ტესტირება ჩატარებულია და პასუხები უარყოფითია“, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.