მარკეტა გრეგოროვა - შოკირებული ვარ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის გამო მაშინ, როდესაც ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს, ის მტკიცედ პროევროპულია
მარკეტა გრეგოროვა - შოკირებული ვარ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის გამო მაშინ, როდესაც ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს, ის მტკიცედ პროევროპულია

შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის გამო მაშინ, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც მარკეტა გრეგოროვა წერს, სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ ევროპულია.

„ის მტკიცედ პროევროპულია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი თუ სურს, უნდა მოსწონდეს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მათი შედეგის“, – წერს მარკეტა გრეგოროვა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. „ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.