მარკეტა გრეგოროვა - შევახსენებ მთავრობას, რომ საქართველოში თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ ვართ, თქვენ აკეთებთ ყველაფერს ჩვენთან დასაახლოებლად, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ქვებს გვესვრით
შევახსენებ საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოში თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ ვართ, თქვენ აკეთებთ ყველაფერს ჩვენთან დასაახლოებლად, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ქვებს გვესვრით. თუ გინდათ, დაგვიახლოვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ახლოდან გვესროლოთ ქვები, მაშინ ვერ ვთანხმდებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების გადაფიქრების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მხრიდან ისმის საშინელი ბრალდებები.
„ოთხწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, რათა საქართველო ევროკავშირთან დაგვეახლოებინა, რადგან ვიცით, რომ ესაა, რაც მოქალაქეებს სურთ, მე ვარ დაბნეული. როგორც ჩანს, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ეს მაინც არის მიზეზი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის, რათა უსამართლობაში დაგვდოს ბრალი ან მთავრობის სხვა წევრებისთვის, რომ პერსონალურად დაგვესხან თავს. ახლა, როდესაც სწორად მოიქცნენ და გადაიფიქრეს ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ამ ვერსიის მიღება, ისინი თავმდაბლები მაინც არ არიან, პირიქით, ისმის საშინელი ბრალდებები, რომ ოპოზიცია ადამიანის მოკვლასაც არ მოერიდებოდა ქაოსის დასათესად და რომ ჩვენ ვართ უცხოელი აგენტები, რომლებიც მათ საქმეებში ვერევით. მინდა, შევახსენო საქართველოს მთავრობას, რომ ჩვენ საქართველოში თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ ვართ. თქვენ გაქვთ ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, თქვენ ხართ მოწადინებული, მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, თქვენ აკეთებთ ყველაფერს ჩვენთან დასაახლოებლად, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ქვებს გვესვრით. და თუ თქვენ გინდათ, დაგვიახლოვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ახლოდან გვესროლოთ ქვები, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით. აირჩიეთ მხარე ან ჩვენ არჩევანი უკვე აღარ ვიქნებით“, – აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.